2015 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები და პედაგოგები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
მაგისტრანტობის კანდიდატებსა და გრანტის გაუმჯობესების მსურველებს კი საგამოცდო ბარათები იმ უმაღლეს დაწესებულებებში დაურიგდებათ სადაც ამჟამად სწავლობენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ მიუთითეს რეგისტრაციის დროს ბარათის აღების ადგილი, უნდა გამოცხადდნენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. იგი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ აბიტურიენტს მიაცილებენ სამუშაო მაგიდასთან, სადაც იგი მიიღებს ტესტს. დაგვიანების შემთხვევაში აბიტურიებტი გამოცდაზე არ დაიშვება.გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდები - 40 000 - ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 4 000 - ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდა - 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა - 17 ათასზე მეტი პედაგოგი.
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.