საპარლამენტო უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატებს ურჩევს, საკუთარი გეგმები საზოგადოებას კარგად განუმარტონ, რათა მათი დაპირებები ხალხმა სიცრუედ არ მიიჩნიოს. ეს რჩევა ქრისტიან-დემოკრატებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა მას შემდეგ მისცა, რაც ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტის მიერ ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუ გააკრიტიკა.
"ახვლედიანის ცინიზმი ცნობილია, თუმცა მას ავიწყდება საქართველოში გასულ წლებში ადამიანები როგორ ცხოვრობდნენ, როდესაც შუქი საერთოდ არ იყო და თუ იყო ისიც დღეში ერთი საათით", - განაცხადა მელიქიშვილმა და აღნიშნა ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო დაპირება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოში ელექტროენერგიის, წყლის და გაზის საფასური დაიკლებს. როგორც მელიქიშვილმა აღნიშნა, ეს დაპირება ან სიცრუა, ან თუ შესრულდება ეს მოხდება ჯანდაცვის და პენსიების დაფინანსების შემცირების ხარჯზე. სწორედ ამიტომ იგი ქრისტიან-დემოკრატებს ურჩევს საკუთარი დაპირებები წინასწარ განუმარტონ.
"ტყუილია, რომ ყველაფერი უფასო იქნება. ისიც ტყუილია, რომ თითქოს მსოფლიო ქართველებს პატივს ნავთობსადენის გამო სცემს და ამის გამო არ შემოვიდნენ თბილისში ტანკები. ამაზე ლაპარაკი სირცხვილია და ეს ჩვენს კოლეგებს უნდა ესმოდეთ" - განაცხადა მელიქიშვილმა.