ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის შეფასებით, თუ უკრაინა აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებს, ამას საქართველოსთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.
"უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კონფლიქტების აღიარების გადახედვის თემას, პირველ რიგში, ევროპასთან სავაჭროდ გამოიყენებს. თუმცა თუ რუსეთმა მოახერხა და უკრაინის ახალი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღებაზე დაითანხმა, მაშინ ეს ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება", - განაცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრის დროს.
ექსპერტის განცხადებით, უკრაინის მხრიდან ე. წ. რესპუბლიკების სავარაუდო აღიარებას შეიძლება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს.
"ასეთ შემთხვევაში ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ იანუკოვიჩის მხრიდან ეს მხოლოდ სავაჭრო თემა იყო, ისევე, როგორც ამას წლებია ბელორუსი აკეთებს", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გაყინული კონფლიქტების რეგიონების აღიარების კრიტერიუმების გადახედვის ინიციატივით გამოვიდა.