მოსკოვში ვიზიტით მყოფი ქართველი ოპოზიციონერები კახა კუკავა და გუგე ცანავა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ალექსეი პავლოვსკის შეხვდნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნულ საბჭოში" განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობები განიხილეს.
"საუბარი შეეხო ასევე იმ თემებსა და საკითხებს, რომელებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის წინაპირობა გახდა. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ დისკუსია ამ საკითხებზე გაგრძელდება", - აცხადებენ საბჭოში.
კუკავამ და ცანავამ შეხვედრა გამართეს რუსეთის კონსერვატიული კვლევების ცენტრშიც.
რაც შეეხება "ეროვნული საბჭოს" კიდევ ერთ ლიდერს, კობა დავითაშვილს, ის დღეს რუსეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომას დაესწრო, რომელზედაც ეროვნებათაშორის ურთიერთობების საკითხები განიხილებოდა.