მთავრობის პროგნოზი ეკონომიკის 5-პროცენტიან ზრდასთან დაკავშირებით, ზედმეტად ოპტიმისტურია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, ლევან კალანდაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდა უნდა განაპირობებდეს. ეს პარამეტრები კი არც ისე დადებითია.
"მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, რომლის სალდოც მკვეთრად უარყოფითია და ამ სალდოს ზრდის ტენდენცია ყოველდღიურად იმატებს, ანუ ექსპორტის წილი ქართულ ეკონომიკაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმპორტის. ქვეყანა მკვეთრადაა დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე, მათ შორისაა პირველადი მოხმარების პროდუქციაც~, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრია უცხოური ინვესტიციები, რომელიც ასევე მცირდება. ამასთან, შემოსული უცხოური ინვესტიციების მთლიან ოდენობაში ძალიან დაბალია კერძო ინვესტიციების წილი და მათი უმეტესობა სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მიერ განხორციელებული ინვესტიციებია. ეს კი, თავისთავად ნეგატიურია.
~მნიშვნელოვანი პარამეტრია ასევე უმუშევრობა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკითაც იზრდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოკიდებულება საგარეო ვალებისადმი. ქართული ეკონომიკა კი დონორების მიერ გამოყოფილი კრედიტებით საზრდოობს. საგარეო ვალის მაჩვენებელი პერმანენტულად იზრდება, პარალელურად, იზრდება შიდა ვალიც~, - განაცხადა ექსპრეტმა.
მისი თქმით, ჩამოთვლილი და სხვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული პროგნოზი, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის ადექვატური არ არის.
კალანდაძე მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, წელს ეკონომიკის 2-პროცენტიანი ზრდაც გადაჭარბებული პროგნოზია.
~ვფიქრობ, გასული წლის 4.5 პროცენტი კლების შემდეგ, წელს ეკონომიკა მხოლოდ 1 პროცენტით გაიზრდება. ეს, შესაძლოა, პესიმისტური პროგნოზია, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეალურ შედეგზე ორიენტირებული პროგნოზის კეთება უფრო სასარგებლოა~, - განაცხადა კალანდაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, პირველი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე, წელს ეკონომიკა შესაძლოა, ნაცვლად ადრე ნავარაუდევი 2 პროცენტისა, 3-5 პროცენტით გაიზარდოს.