მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის განწყობილი, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, - ამის შესახებ რუსულ სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტი“-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა განუცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი „თბილისთან სტაბილური ურთიერთობებისკენ ისწრაფვის.
„თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ ტენდენციებს ავლენს“, - თქვა მან.
კერძოდ, კალუგინმა გაიხსენა, რომ საქართველო არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციების კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან თავს ახვევდნენ.
„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკაში ბევრ რამეს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომლებსაც ხელშესახებ სარგებელს მოაქვთ“, - განაცხადა კალუგინმა.