საქართველოსა და ბრაზილიას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო - ბრაზილიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
ამასთან, როგორც გრიგოლ ვაშაძის უწყებაში აცხადებენ, შეხვედრისას ბრაზილიის მხარემ დააფიქსირა თავისი ურყევი ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისადმი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესობას ითვალისწინებს.
ასევე, მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ხელი მოაწერონ საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
კონსულტაციებზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან დავითულიანი ხელმძღვანელობდა.