საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს გორში მცხოვრები დევნილების პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას თხოვს.
ამის შესახებ განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
მისი თქმით, გორში მცხოვრები დევნილების 64 ოჯახისგან გამოგზავნილი წერილი მიიღო, რომლებიც ქალაქის ნარკოლოგიური განყოფილების შენობაში ცხოვრობენ, რომლის სარდაფი სავსეა "მავნებელი მასებით".
ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული აქცენტი აფხაზეთიდან დევნილ ელისო ბერულავას მდგომარეობაზე გააკეთა.
მისი თქმით, ბერულავას ჰყავს ორი მცირეწლოვანი ინვალიდი შვილი და იგი უკვე 8 წელია ავტოფარეხში ცხოვრობს.
ამის გათვალისწინებით, კი პარლამენტარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობას და პირადად კობა სუბელიანს მოუწოდებს აღნიშნული დევნილების პრობლემები დაუყოვნებლივ მოაგვაროს.