"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის მისვლას ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება დღეს სესიაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
ვეფხვაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ ძალას აინტერესებს ფინანსთა მინისტრის პასუხები სახელფასო დავალიანების გასაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით.
"რუსთავის მეტალურგიული ქარხანა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ 45 მილიონად გაიყიდა, თუმცა იქ დასაქმებულ ადამიანებს დავალიანების სახით არსებული 3 მილიონიც კი არ გაუსტუმრეს. მოვიდეს მინისტრი და განგვიმარტოს დავალიანებების გასაჩივრების შემდეგ, ადამიანებს რატომ უხდებათ უზენაეს სასამართლოში სარჩელების შეტანა. გაითვალისწინეთ, რომ ეს თანხებთან არის დაკავშირებული და მოსახლეობას ამის საშუალება არა აქვს. ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ ახსოვს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ამასთან, მან დღესვე სახელფასო დავალიანებები მქონე მოქალაქეებს მოუწოდა "ქრისტიან-დემოკრატებს" მიმართონ,სადაც მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ.