საპარლამენტო უმრავლესობა კახეთში, ჭერემის წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილია.
ამის შესახებ განცხადება დღეს საპარლამენტო სესიაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა გააკეთა.
"სამაშველო სამსახურის თავგანწირული შრომის შედეგად მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება, რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია. ესენი კი ის ადამიანები არიან, ვისზეც ამბობდნენ, რომ სამაშველო სამსახურებში პარტიულ აქტივისტებს იღებენო. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ყველა, რისთვის შეიქმნა სამაშველო სამსახური და იქ ადამიანებს რა კრიტერიუმებით იღებენ", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ჭერმისთავში წყალსაცავის დონემ საშიშ ზღვარს გადაჭარბა, რის შემდეგაც სოფელ ველისციხის მოსახლეობას დატბორვის საფრხე შეექმნათ. სპეცდანიშნულების რაზმებმა სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია 22 აპრილს მოახდინეს. ამ დროისთვის სოფლის დატბორვის საფრთხე მოხსნილია.