პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო სიას უწუნებს.
"ცალკე აღებული ინდივიდუალები, მიუხედავად მათი პიროვნული თვისებებისა, რაიმე ტიპის გუნდური წარმატების წინაპირობას არ ნიშნავს. იმ ადამიანების ნაწილს, რომლებიც მმართველი გუნდის სიაში მოხვდნენ, პირადად ვიცნობ და მათთან მრავალწლიანი ურთიერთობები მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი საკრებულოში არ უნდა მოვიდნენ", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, "მმართველ გუნდს ცნობადობის ხარისხის თვალსაზრისითაც ბევრად მეტი წარმატება ჰქონდა საპარლამენტო სიის დაკომპლექტებისას".
რაც შეეხება ის ფაქტს, რომ თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევ გიგი უგულავასა და ზაალ სამადაშვილის კანდიდატურები დაასახელა, ცისკარიშვილი მას ხელისუფლების "უკიდეგანო კმაყოფილებით" ხსნის.
"ის, რომ მოქმედი მერი და საკრებულოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი იმავე პოსტებზე კიდევ ერთხელ იქნენ დასახელებულნი, პირველ ყოვლისა, ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" უკიდეგანო კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რაც თბილისში ხდება", - განმარტა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა 68-კაციანი სია, რომელთაგან 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ცესკოში დღეს წარადგინა.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილია. რაც შეეხება სიის პირველი ხუთეულის დანარჩენ წარმომადგენლებს, ის ასე გამოიყურება: მეორე ნომერი არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ყოფილი თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი, მესამე - ხელოვნებათმცოდნე მარიამ დიდებულიძე, მეოთხე - მწერალი ლაშა იმედაშვილი, ხოლო მეხუთე - მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე და იუმორისტი ზურა გაჩეჩილაძეც (შონზო) მოხვდნენ. ისინი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის საბურთალოს და ისნის რაიონებში იბრძოლებენ. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებს, მმართველმა გუნდმა გლდანში - ბესარიონ ბენდელიანი, დავით წერეთელი და დავით ჯინჭარაძე, საბურთალოს რაიონის მეორე ოლქში - ნინო თევდორაძე, ნაძალადევში შოთა ქურდაძე, გიორგი ნემსაძე, მამუკა გუგეშაშვილი და ვახტანგ ცაგარეიშვილი, სამგორში - იოსებ ებუტია, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი შიხიაშვილი და კახა გურული, დიდუბეში - ირაკლი დვალი და გოგი ჩაჩანიძე, მთაწმინდის რაიონში - მამუკა ახვლედიანი, კრწანისში - მერაბ რაფავა, გლდანში - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ვაკეში ვახტანგ ნაცვლიშილი და ზაურ დოლიძე, ისანის დანარჩენ ოლქებში კი ზაალ სამადაშვილი და ხვიჩა სანაია წარადგინა.
გარდა ამისა, "ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაასახელა ჩუღურეთის რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატიც. საკანონმდებლო ორგანოს წევრობისთვის ანდრო ალავიძე იბრძოლებს.