ჩერქეზთა მასობრივი განადგურებისა და დეპორტაციის ფაქტების გენოციდად შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი აკადემიურ წრეებთან შეხვედრებს და დისკუსიებს გამართავს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, გენოციდის აღიარების თხოვნით, პარალმენტს ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენლებმა მიმართეს.
მისი თქმით, 21-22 მარტს ჯეიმსთაუნის ფონდის ორგანიზებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე - "უცნობი ერები - უწყვეტი დანაშაული" აღნიშნული საკითხის შესწავლის აუცილებლობა გამოიკვეთა.
წიკლაური აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ აღნიშნულ საკითხს საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს კავკასიის ხალხებთან არა მხოლოდ წარსული არამედ საერთო მომავალიც აკავშირებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ აღნიშნული საკითხის პარლამენტში შეწსავლა საფუძვლიანად მოხდეს.
"პარლამნეტის კავკასიის ხალხებთან მეგობრობის ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს დისკუსიის მრავალმხრივ განვითარებას და საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართება როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური და დასძენს, რომ პარლამენტში შეხვედრები ექსპერტებთან შესაძლოა მიმდინარე კვირასვე დაიწყოს.