უმეტეს საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარეები და მდივნები უკვე არჩეულია.
შესაბამისი სხდომები ქვეყნის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დღეს ჩატარდა.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, თბილისის 739 საარჩევნო უბნიდან 126-ში მდივნად "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი დაინიშნა, 81-ში "რესპუბლიკური პარტიის", 79-ში "მრეწველების". 77-ში პოლიტიკური გაერთიანების "ჩვენ თვითონ", 47-ში - "კონსერვატორების", 9 კი - "ლეიბორისტების". თბილისის დანარჩენ უბნებზე სხდომები ხვალ ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ორ პარტიას შორის ხმების გაყოფა მოხდა 28 საარჩევნო უბანში, რის გამოც სხდომები იქაც ხვალისთვის გადაიდო.
რაც შეეხება რეგიონებში არსებულ საარჩევნო უბნებზე ჩატარებული სხდომების შედეგებს, ცესკო მას ხვალ, 26 აპრილს გამოაქვეყნებს.