მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ("უცნობმა") თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა ლევან გაჩეჩილაძის თხოვნით გადაიფიქრა.
ამის შესახებ "უცნობმა" ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, თოქ-შოუ "ბარიერში" თავად განაცხადა.
"ინფორმაცია, რომ მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებდი კენჭისყრას რეალური იყო. მქონდა ამაზე ფიქრი და ეს იდეა თავში მას შემდეგ მომივიდა, რაც ოპოზიციამ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოახერხა, თუმცა ერთი, ჩემთვის ყველაზე საპატივცემულო ადამიანის თხოვნის გამო, ეს გადაწყვეტილება არ მივიღე. ეს არის ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ძმა", - განაცხადა "უცნობმა".
მისივე განმარტებით, მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების შემდეგ ის "არაორდინალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და არჩევნების გაშარჟებას აპირებდა".
"დიდი ლაპარაკი მქონდა ლევანთან - მან მითხრა, რომ ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე და დაარტყან ცხვირი - დაინახონ რომ მოგების შანსი არ არსებობს. მირჩია, არ მეყარა კენჭი, რადგან ჩვენ არ დაგვბრალებოდა ეს წაგებაც. ჩემთვის საქართველო და თბილისი ოჯახიდან იწყება და ამიტომაც საკუთარი ოჯახის პოზიციას არ გადავახტი... მე ვაპირებდი არაორდინალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, მინდოდა გამეშარჟებინა ეს არჩევნები და ამას მაინც გავაკეთებ. მერის კანდიდატი თუ არა, მოდელირებული კანდიდატი მაინც ვიქნები", - განმარტა გაჩეჩილაძემ.