დღეს, 24 აპრილს, 13:00 საათზე, "ახალგაზრდული ფორუმისა" და IRI-ის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ თამაშების ფარგლებში ერთმანეთს "ახალი მემარჯვენეებისა" და "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეეჯიბრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმიდან" აცნობეს, პოლიტიკურ თამაშებს ამერიკის ელჩის მოადგილე საქართველოში, კენტ ლოგსდონი, ასევე თბილისის მერობის კანდიდატები და პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები დაესწრებიან.
თამაშის თემა იქნება უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში. ღონისძიება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართება.
"ახალგაზრდული ფორუმი", ამერიკის საერთაშორისო ინსტიტუტის დახმარებით, აღნიშნულ პროექტს 2010 წლის თებერვლიდან ახორციელებს. მასში რვა პოლიტიკური პარტია და ორი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული.