"ლეიბორისტულმა პარტიამ" პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის მშენებარე სახლთან, ბარნოვის ქუჩის #42ა-ში აქცია-ბრიფინგი გამართა.
"ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, გივი თარგამაძე, ბარნოვის ქუჩის მცხოვრებთა შევიწროების ხარჯზე, უკანონოდ აშენებს უზარმაზარ სასახლეს, რომელიც სიდედრის სახელზე აქვს დარეგისტრირებული.
"მშენებლობის დასრულების შემდეგ 42ა-სა და 44 ნომრების მცხოვრებლებს ელემენტარულად მანქანის გასასვლელი აღარ დარჩებათ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ხელისუფლების წარმომადგენლების თავგასულობაზე და იმაზე, რომ მათ საკუთარი კეთილდღეობისა და ინტერესების მიღმა არაფერი არ ანაღვლებთ", - განაცხადა ჯიბლაძემ.
აქციაზე "ლეიბორისტებმა" ბარნოვის ქუჩაზე მშენებარე გივი თარგამაძის სახლის სასწრაფო დემონტაჟიც მოითხოვეს.