ქრისტიან-დემოკრატები გაზიფიცირებისთვის შესრულებულ სამუშაოზე არსებული სხვადასხვა ტარიფის საკითხით ინტერესდებიან. აღნიშნული საკითხი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დასვა, სადაც დეპუტატებმა გაზიფიცირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრისგან მოისმინეს.
როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, სოფლებში გაზის შეყვანა ზოგს 300 ლარი უჯდება, ხოგს 500 და ზოგს 700. ვეფხვაძე იმ პრობლემასაც ასახელებს, რომ თუკი სოფელში გარკვეული პროცენტი თანახმა არაა, გაზის შეყვანა არ მოხდება. ასეთი მიდგომები ქრისტიან-დემოკრატებს უსამართლობად მიაჩნიათ და პასუხს ენერგეტიკის მინისტრისგან ითხოვენ.
ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით კი დისტრიბუტორი კომპანიები პასუხისმგებლობას იღებენ მხოლოდ ცენტრალური გაზსადენის ქუჩებში მიყვანაზე. ამის შემდეგ ხდება ინდივიდუალურად თითოეულ ეზოში შეყვანა. ხეთაგურის განმარტებით, ეს თანხა არაერთგვაროვანი იქნება, ვინაიდან სოფლებში ცენტრალური გზიდან სახლები სხვადასხვა მანძილით არის დაშორებული. ხეთაგური იმასაც აღნიშნავს, რომ ცენტრალური გაზსადენიდან სახლში გაზის მისაყვანად მოსახლეობას შეუძლია სხვა სამშენებლო კომპანია დაიქირაოს და იმ შემთხვევაში, თუკი დისტრიბუტორი კომპანია ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ეს სამუშაო მათ შეასრულებინოს. ხეთაგურის მტკიცებით ეს არის შეთანხმების დარვევა და ყველა ასეთ ფქტზე ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.