რუსი ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ რუსი ხალხი საქართველოს მიმართ ნეგატიურად არაა განწყობილი. ამის შესახებ განცხადებები დღეს პარლამენტში რუს და ქართველ ქრისტიან-დემოკრატებს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმის გაფორმებისას გაკეთდა.
როგორც რუსეთის ქრისტიან-დემოკრატების საინიციატივო ჯგუფის თავმჯომარემ სერგეი მეზენცევმა აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკუირ ვითარების მიუხედავად, რუსი ხალხის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა. მისი თქმით, მისი პოლიტიკური ძალა იზიარებს ქართველ ხალხის შეშფოთებას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ "პოლიტკურ ძალებს შორის ურთიერთობების დაძაბვა რუს ხალხზე არ ასახულა".
"რუს ხალხში არ არის ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგად აღვიქვამთ, რომ რუსეთი და საქართველო ისტორიულად და რელიგიურად დაკავშირებულია ერთმანეთთან. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, ვალდებულნი ვართ გადავლახოთ ნეგატიური დამოკიდებულებები", - განაცხადა მეზენცევმა.
იგი ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენის გზად მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობას მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დიდ ზეწოლას განიცდის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.
"მიუხედავად ამისა, ეს აქტიური დიალოგი მაინც ხერხდება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ეს არის გზა ნორმალური ურთიერთობების აღდგენისა, რომელიც პოლიტიკამ დაარღვია. მოსკოვში პუტინის რეიტინგი ეცემა. მოხშირდა მიტინგებიც და დარწმუნებული ვარ რომ ქართულ რუსული ურთიერთობების ნორმალიზება ოდესმე აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ", - განაცხადა სერგეი მეზენცევმა.