ხვალ, 23 აპრილს, პარლამენტის პლენარული სხდომა აღარ გაიმართება და მორიგი სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო ორშაბათს 26 აპრილს ბიუროს სხდომაზე მიიღებს. ამის შესახებ განცხადება პარალმენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც იგი არნიშნავს, ამ დროისათვის განსახილველი საკანონმდებლო საკითხები თითქმის ამოწურულია და ამ მხრივ პარლამენტში არანაირი პრობლემა არ არის. გარდა ამისა, წერეთელი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია აქტიურ წინასაარჩევნო პროცესშია ჩართული და მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ 23 აპრილს პლენარული სხდომა აღარ გაიმართოს.
"სამშაბათის პლენარულ სხდომაზე 60-მდე საკანონმდებლო ინიციატივა იქნა განხილული და ამით დღის წესრიგი თითქმის ამოიწურა. იმის გამო, რომ საპარლამენტო კომიტეტებს საკითხების მოსამზადებლად გარკვეული დრო სჭირდებათ და ამასთან პარასკევს, შაბათს და კვირას დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა, მორიგი პლენარული სხდომის გამართვის თარიღი კონსულტაციების შემდეგ ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი", - აცახდებს წერეთელი.