არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მორიგ ერთობლივ მიმართვას უგზავნიან. მიმართვის ავტორები უკანონო პატიმრების საქმეების გადასინჯვას მოითხოვენ.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრების" კამპანიის ფარგლებში, რომლის თანამონაწილეა უფლებადამცველებისა და პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, განვაგრძობთ აქტიურ ბრძოლას უკანონო პატიმრების უფლებების დასაცავად. ხელისუფლების მიერ ხორციელდება პოლიტიური ნიშნით დევნა, უკანონო, დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანა. სწორედ ამ ხელისუფლებას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური და რამდენიმე ათასი უკანონო პატიმარი, არ დარჩენილა თითქმის არც ერთი ოჯახი, რომელსაც არ შეეხო ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიები. არსებული უმძიმესი ვითარება მოითხოვს უსწრაფესად ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას, დღეს არსებული სასჯელთა შეკრების პრინციპის გაუქმებას, ფართო ამნისტიის მიღებას, მსჯავრდებულების მიმართ ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და შეწყალების შესაძლებლობით სარგებლობას. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს 7 ნოემბრის, 6 მაისის, 15 ივნისისა და სხვა ძალადობის ფაქტები. ასევე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, გახმაურებული მკვლელობები. დაბოლოს, მოვითხოვთ: უკანონო პატიმრების საქმეების გადასინჯვას კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპით", - აღნიშნულია მიმართვაში.
აღნიშნული მოთხოვნებით, 30 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ სოლიდარობის მასშტაბური აქცია გაიმართება.