"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოდრი გლოვერს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ განუცხადა, არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს - ამომრჩეველთა სიებსა და მასში აღმოჩენილ უზუსტობებს, ხელისუფლების მიერ საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ძალოვანი უწყებების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ჩარევას, ასევე მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებს შეეხო.
"საუბარი იყო იმის შესახებ, თუ რა რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, რომ მინიმუმამდე დავიდეს გაყალბების შესაძლებლობები. ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიისაგან, რომ ამომრჩეველთა ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული. სწორედ ეს არის დღეს მნიშვნელოვანი, რომ მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, მიიღონ მონაწილეობა და მათი ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული და უზრუნველყოფილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ოდრი გლოვერს გუშინ "ეროვნული ფორუმის" ლიდერები, დღეს კი ალასანიას გუნდის გარდა, "ქრისტიან-დემოკრატებიც" შეხვდნენ.