საქართველომ და გამბიის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. გამბიის მხრიდან კომუნიკეს ხელი მოაწერა გამბიის მუდმივმა წარმომადგენელმა სიუზან უაფა-ოგომ ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ. ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ნიუ-იორკში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
კომუნიკეს თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს.
ცნობისათვის, გამბია მეხუთე აფრიკული სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ მიმდინარე წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. მანამდე ანალოგიური დოკუმენტები გაფორმდა ბოტსვანასთან, კაბო-ვერდესთან, კომოროსთან და ლიბერიასთან.
სულ, 2010 წელს საქართველომ 14 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გარდა აფრიკული სახელმწიფოებისა, ესენი არიან აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის (ბრუნეის, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულების, ფიჯი და სამოა) და ლათინური ამერიკის (დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ და სენტ-ლუჩია) სახელმწიფოები.
გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს 136-თან.