პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წინა ხელისუფლება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით არაეფექტურ პოლიტიკას აწარმოებდა. როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, შესაძლოა, მათი მხრიდან გარკვეულ გარიგებასაც ჰქონდა ადგილი.
„წლების განმავლობაში ხდებოდა და ამის ოფიციალური დასკვნებია, რომ საქართველო გამოიყენებოდა როგორც ნარკოტრანზიტის ქვეყანა. ამ მიმართულებით წინა მთავრობა არაეფექტური იყო და მართლაც უუნარო იყო თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით. ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში 116 კილოგრამი ჰეროინი ამოვიღეთ. უნდა აღიაროთ ბატონებო, რომ იყავით უუნაროები, არაეფექტურები ამ მიმართულებით და მეორე შეიძლება გამოვთქვათ ეჭვი, რომ იყო გარკვეული გარიგებაც. ასე რომ, ურიგო არ იქნებოდა ამ საკითხის შესწავლა და მე ბატონ გომელაურს ვესაუბრე შესვენების დროს, რამდენად მოხერხდება ასეთი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა. თუმცა, ადვილი მისახვედრია თუ რა პოლიტიკას აწარმოებდა წინა მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტმა დღეს განახლებულ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.