საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” იდეოლოგიურად ევროპის მოწინააღმდეგე იყო. მისი თქმით, ამიტომ უწევს დღევანდელ ხელისუფლებას იმ რეფორმების გატარება, რომელიც უფრო ადრე უნდა გატარებულიყო.
,,კანონში ჩადებული რეგულაციები სავიზო საკითხებთან დაკავშირებით ეფუძნება ევროკავშირის ე.წ შენგენის სავიზო კოდექსს. რომელიც ასევე წინააღმდეგობაში არ მოდის 2011 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ვიზა ფასილიტაციის ხელშეკრულებასთან. ანალოგიური რამ მოქმედებს მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელმაც ჩვენზე ადრე დაიწყო, 2010 წელს ჯერ კიდევ, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში... თქვენც შეგეძლოთ დაგეწყოთ ამაზე მუშაობა, მაგრამ თქვენ იდეოლოგიურად იყავით, რეალურად იყავით ევროპის მოწინააღმდეგე... მოლდოვამ ჩვენზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლა, ეს ყველამ კარგად იცის, ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით იმ უწყებების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც მიიღეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, ჩვენ რეალურად მოგვიწია ორი წლის განმავლობაში, იმ რეფორმების გატარება, რაც თქვენი გასაკეთებელი იყო თავის დროზე”, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკასთან დაკავშირებით პრემიერმა.
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ნდობა უნდა გამოუცხადოს.