საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2012 წლის პირველ ოქტომბერში აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულების გახსენებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ პრემიერი ვერ იტყვის როდის დაუბრუნდება ლარი ამ ნიშნულს, მაშინ ნდობის გამოცხადებაზე საუბარი გაურკვეველია.
„დღეს ჩვენ აქ რაც მოვისმინეთ სამწუხაროდ, არაადეკვატურობის ზეიმი იყო. სამწუხაროდ, ეს სიტყვა ძალიან გიყვართ, თუმცა საკუთარ თავში არაადეკვატურობას ევრ ხედავთ. მე მაქვს ერთადერთი კითხვა - იცით თუ არა, რა იყო ერთი აშშ დოლარის კურსი 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც თქვენ ხელისუფლება ჩაიბარეთ?!“, - მიმართა თაქთაქიშვილმა პრემიერს პარლამენტის რიგგარეშე ბსხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე დაინტერესდა, იცის თუ არა მთავრობის მეთაურმა, დღეს რამდენია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში.
„მაინტერესებს, როდის გახდება ერთი დოლარი 1.67 ლარი, როგორც ეს 2012 წლის პირველ ოქტომბერს იყო. დამისახელეთ კონკრეტული თარიღი. თუ ამ თარიღის დასახელება არ შეგიძლიათ, მაშინ მითხარით - რატომ უნდა გამოგიცხადოთ თქვენ აქ ნდობა?“, - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.