საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” მთვარი მონაპოვარი თავისუფლებაა. მისი განმარტებით, მოპოვებული თავისუფლების გამო გახდა ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი ხელისუფლების მიმართ და ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
,,რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე და ასე შემდეგ, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს. და, რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა, შეუქცევადია. სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის”, _აღნიშნა ღარიბაშვილმა რიგგარეშე სესიაზე მთავრობის განახლებული პროგრამის წარდგენისას.
მისივე განმარტებით, ახლა მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა.