"თუ ოშკის ტაძარის რესტავრაცია უახლოეს მომავალში არ დაიწყო, ქართულ ძეგლს განადგურება ემუქრება", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშილმა განუცხადა.
"თურქულ და ქართულ მხარეს შორის შემუშავებულია გაცვლითი პროგრამა, რომელიც თურქეთის მხარეს მდებარე სამი ქართული ძეგლის და ჩვენს ტერიტორიაზე სამი ოსმალური ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაციას ითვალისწინებს. თურქეთის მხარეს არის - ოშკის ტაძარი, ხანძთის მონასტერი და იშხანი. ჩვენი ხუროთმოძღვრების სამი მარგალიტი და ჩვენს მხარეს _ ახალციხის რაბადში მდებარე მეჩეთი, ბათუმში დამწვარი მეჩეთი, რომლის აღდგენაც ძველი ფოტოების მიხედვით მოხდება და ერთი ხის მეჩეთია კიდევ ქობულეთთან", - განაცხადა ვაჩეიშვილმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ძეგლებისთვის რელიგური ფუნქციის აღდგენას არ ითვალისწინებს, მაგრამ რადგან მათი თავდაპირველი ფუნქცია რელიგური იყო, აუცილებელია საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციები და მათი პოზიციის გაითვალისწინება.
"იმედი მაქვს, რომ ქართული მხარე აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, რის შემდეგაც თურქულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმება, რაც ამ სამი უნიკალური, ქართული ძეგლის რესტავრირების საშუალება მოგვცემს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის უკან ხანძთა უკვე ჩამოინგრა, ახლა ოშკსაც იგივე ბედი ელის თუ მალე არ მივხედავთ", - აღნიშნა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.