თბილისის მერობის "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "სახალხო დემოკრატების" კანდიდატები ამ პოსტზე მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის მიერ შესაძლო კენჭისყრას დადებითად აფასებენ.
"რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება, რომელსაც აქვს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაწყდეს პრობლემები, მით მეტი ადამიანი დაიჯერებს, რომ უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ხვალინდელ დღეს. მე ყველანაირ კონკურენციას მივესალმები", - განუცხადა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას თბილისის მერობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატმა გია ჭანტურიამ.
რაც შეეხება, "სახალხო დემოკრატების" კანდიდატ ნიკა ივანიშვილს, მისი თქმით, გაჩეჩილაძემ თავად უნდა შეაფასოს, გამარჯვების რა შანსი შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე.
"თვითონ უნდა აწონ-დაწონოს, რამდენად შეძლებს არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას. ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას მივესალმები", - აცხადებს ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძე თბილისის თავკაცობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს. როგორც "დაიცავი საქართველოს" ოფისში აცხადებენ, "უცნობის" მიერ ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების საკითხი აქტიურად განიხილება.