"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკური პარტიებისადმი მიმართვის ტექსტი საია-მ დღეს გაავრცელა.
"წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, გვსურს შემოგთავაზოთ ურთიერთთანამშრომლობა....გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ ნებისმიერ კანონდარღვევაზე, მათ შორის, შემდეგ ფაქტებზე: მოქალაქეთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოქალაქეების დაშინება და ზეწოლა,
თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, ადმინისტრაციული რესურსების არათანაბარი ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია მიმართვაში.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, ერთობლივი მუშაობა უფრო ეფექტურს გახდის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
"ვფიქრობთ, ამგვარი თანამშრომლობა ყველა იმ სუბიექტის ინტერესში შედის, ვისაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს", - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) ახორციელებს.