"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს ხელისუფლებას უცხოეთში არსებულ ქართულ სიძველეთა და სიწმინდეთა დაცვის პოლიტიკის არარსებობაში ადანაშუალებს.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა.
"პარტია შეშფოთებას გამოთქვამს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შოთა რუსთაველის ბარელიეფის ვანდალური ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, საქმის გამოძიებასთან ერთად უზრუნველყონ ბარელიეფის აღდგენა და ხელი შეუწყონ მათ ტერიტორიაზე ქართული სიწმინდეების დაცვას", - აღნიშნა კირთაძემ.
ამასთან, ნესტან კირთაძე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოშკის უძველესი ტაძრის ჩამონგრევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუნდაც ეს ფაქტი მეტყველებს იმ გარემოებაზე, თუ რამდენად დაუცველია ქართული ძეგლები ქვეყნის გარეთ. ყოველივე ამის თავდაპირველ მიზეზად "ლეიბორისტულ პარტიაში" ხელისუფლების პასიურ მიდგომას ასახელებენ.
"სააკაშვილი და მისი გუნდი შეგნებულად ივიწყებს, რომ სიძველეთა დაცვა საზღვარგარეთ არის ქართული სახელმწიფოს ვალდებულება და სწორედ ამის შედეგია, რომ ამ მიმართულებით დღემდე არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა", - აღნიშნა მან და პრეზიდენტს მოუწოდა, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებს დაავალოს, დღესვე დაიწყონ საზღვარგარეთ ქართული ძეგლების აღრიცხვა და სხვადასხვა ქვეყნებთან გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულებები მათი შემდგომი დაცვის შესახებ.