"ეროვნულმა ფორუმმა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარი გეგმა დღეს საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს გააცნო.
ფრანგ დიპლომატს პარტიის ლიდერი კახა შარტავა და ირაკლი მელაშვილი შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შარტავამ განუცხადა, საუბარი წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და დემოკრატიის ხარისხსაც შეეხო.
"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება, რომ დემოკრატიის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ასევე აღვნიშნეთ, რომ არც წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი სტანდარტების დაცვით. საფრანგეთის ელჩმა გაკვირვება და შეშფოთება გამოთქვა იმ პროპორციის გამო, რომელიც საქართველოში მოქალაქეთა და ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის არსებობს. ვისაუბრეთ ასევე უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩევლებზე, რომლებიც ამ არჩევნებისთვის დარეგისტრირებულნი არ არიან" - განმარტა კახა შარტავამ.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნულმა ფორუმმა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარი გეგმის პრეზენტაცია გუშინ გამართეს.