საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს, უსაფრთხოების ღვედის გამოყენება კი ქალაქში გადაადგილების დროსაც სავალდებულო გახდეს.
ამის სურვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ-იორკის მერ მაიკლ ბლუმბერგთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა.
"უსაფრთხოების ღვედმა პირადად მე რამდეჯერმე გადამარჩინა სიკვდილს თუ არა დამტვრევას. საქართველოში დანაშაული შევამცირეთ, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ უბედური შემთხვევების რაოდენობის კლებას. ამ კუთხით ნიუ-იორკისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ბატონი მაიკლ ბლუმბერგი დამპირდა, რომ ამ პროცესში ჩაერთვება მისი ფონდი, რომელიც უსაფრთხოების ამაღლების კუთხით ნიუ-იორკის გარდა, ბევრ ქალაქში მუშაობს. ასევე ძალიან საჭირო და აუცილებელია, აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში", - განაცხადა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის მერის გარდა, საქართველოს პირველი პირი შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ მულტიმილიარდერ დონალდ ტრამპსაც შეხვდა.
"გარდა პოლიტიკური შეხვედრებისა, აშშ-სა და საქართველოს შორის უკვე ბიზნეს შეხვედრების დონეც მაღალია. ადრე მხოლოდ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებით შემოვიფარგლებოდით. ახლა საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისითაც აინტერესებთ", - განმარტა სააკაშვილმა.