პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რაც ქვეყანამ "ვარდების რევოლუციის" შედეგად მიიღო სოციალური ტრანსფორმაციაა.
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვითYგამოსვლისას განაცხადა.
"როცა მეკითხებიან, რა მოხდა ყველაზე მთავარი საქართველოში, ჩემი პირველი პასუხია - სოციალური ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია, რომელსაც ემყარება დამოუკიდებლობაც, დემოკრატიაც და ყველა სახელმწიფოებრივი ღირებულება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო მამაცი ხალხის სამშობლოა, რომელიც კორუფციასა და ნიჰილიზმს არასდროს დაუბრუნდება.
"ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ მთავარია, რომ როგორც არ უნდა დაეცე, ფეხზე წამოდგომა შეძლო. სწორედ ასეთია საქართველო - მამაცი ხალხის სამშობლო, რომელიც არასდროს დაბრუნდება კორუფციასა და ნიჰილიზმში. ჩვენ უკვე მაღალ მატერიალურ ფასეულობებზე - დემოკრატიულ მიღწევებზე ვსაუბრობთ", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ჩვენი რეგიონი ახლა რთულ პირობებში იმყოფება და იქ არსებული სურათი მხოლოდ კრემლის მტრული დამოკიდებულების ბრალია".
"რომ არა კრემლის მტრული დამოუკიდებულება, სულ სხვა სურათი იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება ნორმალური განვითარება. პირობები დემოკრატიის ასაშენებლად", - დასძინა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.