საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ჯილდო თავად უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კენდად ბენკომ გადასცა და მას "დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ჩემპიონიც" უწოდა.
"მიხეილ სააკაშვილი ერის ლიდერი იმ პროტესტის შემდეგ გახდა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" სახელწოდებითაა ცნობილი. არჩევნები, როცა სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო. მისი დემოკრატიული მმართველობა კიდევ ერთხელ მაშინ დამტკიცდა, როცა 2008 წელს ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ბატონო პრეზიდენტო, მთელ მსოფლიოში ცნობილი ხართ, როგორც ჩემპიონი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენ და თქვენს ქვეყანას ძლიერ მოკავშირედ მიგიჩნევთ. თქვენი სტუმრობა ჩვენთვის დიდი პატივია", - განაცხადა კენდად ბენკომ მიხეილ სააკაშვილის მიღებისას.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა თავად საქართველოს პრეზიდენტიც. მან ის პერიოდში გაიხსენა, როცა სასწავლებლად ამ ქალაქში ჩავიდა. პრეზიდენტმა საქართველოზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანას დემოკრატიული გზით განვითარების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს.
"მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი დახვედრისთვის. ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ამ საოცარ უნივერსიტეტში. ჩემთვის, როგორც ყოფილი სტუდენტისთვის ამ ყოფნა უდიდესი პატივია. გეტყვით, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები მჭიდროდაა დაკავშირებული ნიუ-იორკთან. მე ჩამოვედი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროდან. ეს იყო საბჭოთა სამყარო - სავსე კორუფციით და ბიუროკრატიზმით. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვერასდროს შევიყვანებდი იმ საზოგადოებას. მჭირდებოდა რაღაც სხვა, რადიკალურად განსხვავებული. პირველი ღამის გათენება, ისე როგორც ბარაკ ობამას, ნიუ-იორკში მეც გარეთ მომიხდა. ეს არის ქალაქი, სადაც არავინ გსჯის შენი სახელის ან შეხედულების გამო", - განმარტა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება.