სახელმწიფო მართვაში სტრატეგიული მნიშვნელობის, მომგებიანი და სოციალური დატვირთვის მქონე სახელმწიფო კომპანიები შენარჩუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ საწარმოთა მართვის სააგენტოს ახლდდანიშნულმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში განთავსებულია სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც არამომგებიანია, თუმცა, სოციალური დატვირთვა აქვთ, ამდენად სახელმწიფო მათ შეინარჩუნებს. მსგავსი კომპანიებია მაგალითად წყალკანალი და საწარმოები, რომლებიც ასეთი ტიპის სხვადასხვა მომსახურებებს ახორციელებენ.
~განხორციელდება იმ საწარმოების პრივატიზება, რომლებიც უფუნქციოდ არიან დარჩენილი, არ აქვთ არანაირი მოგება, მაგრამ საკუთრებაში გარკვეულ ქონებას ფლობენ~, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მუშავდება სპეციალური ბაზები, რომლებიც საწარმოების შესახებ ზუსტი ინფორმაციის არსებობას უზრუნველყოფენ.
~კონტროლის პალატის აუდიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეხლა შემოწმების შედეგების ანალიზი მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც გარკვეულ დასკვნას გამოვიტანთ. კონტროლის პალატასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ~, - განაცხადა საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
კონტოლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოს მის დაქვემდებარებაში არსებული 1 426 საწარმოდან 2008 წლის ფინანსური ანგარიში 506-მა სახელმწიფო საწარმომ არ წარუდგინა; სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია აღნიშნული 506 საწარმოს შესახებ; არ არის აღრიცხული რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო საწარმოები; სათანადო კონტროლი არ ხორციელდება დივიდენდების სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვაზე და სხვა.
სახელმწიფო საწარმოების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ წელს ~თბილისის აეროპორტის~ დირექტორი კონსტანტინე ქამუშაძე დააკავეს. მაშინ სახელმწიფო საწარმოებში წესრიგის დამყარებისკენ შესაბამის სტურტქურებს საქართველოს პრეზიდენტმაც მოუწოდა.