სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვერავინ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა.
„დასკვნები, რომლებიც გაკეთებულია ევროკომისიის ანგარიშში, სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს. სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს და ასე გრძელდება. არასდროს ყოფილა, ვერავინ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა. ის, რაშიც ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ასეთივე პოლიტიკა აქვს ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, უფრო მეტიც, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს. არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა და დამატებითი უსაფრთხოების გამოწვევების შექმნა. ეს ძალიან ბუნებრივია. ხელისუფლების პირველი მოვალეობაა, ქვეყანას აარიდოს საფრთხეები. ეს არის ჩვენი ვალდებულება და თუკი ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობი კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მისასალმებელი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.