"ალიანსი საქართველოსთვის" ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თბილისში 20 ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმოს გახსნის პირობას დებს.
აღნიშნული "დასაქმების შესახებ" პროგრამაშია გაწერილი, რომლის პრეზენტაციას დღეს, სასტუმრო "ბეტსიში" გაიმართა.
"ალიანსის" ლიდერისა და თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განმარტებით, აღნიშნულის გარდა, შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელსაც 120-მილიონიანი ბიუჯეტი ექნება.
"საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს მეწარმეებს საკრედიტო გარანტიით და სესხის დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ფონდის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, თბილისში 50 ათას ადამიანზე მეტი უმუშევარი დასაქმდება", - განაცხადა ალასანიამ პროექტის პრეზენტაციაზე.
მისივე განმარტებით, "დასაქმების შესახებ" "ალიანსის" მიერ წარმოდგენილ პროგრამას შეუძლია დედაქალაქში საშუალო ფენის წარმოქმნა და მისი გამაგრების ხელშეწყობა.
გარდა ამისა, ალასანიას თქმით, ბიზნესის რეკეტის თავიდან ასაცილებლად, ასევე, შეიქმნება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესდავებსა და ბიზნესზე ტერორის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
"პროგრამის განხორციელების შედეგად გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. თბილისის ბიზნესომბუდსმენი დაიცავს მეწარმეების და მესაკუთრეების უფლებებს დედაქალაქში. მეწარმეებს ინტელექტუალური მხარდაჭერა გაეწევათ საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით. ეს იქნება ათი საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, რომელიც ბიზნესგეგმის შეძენაში დაეხმარება მცირე მეწარმეებს, შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის ახალი ბიზნეს-ულტურა", - განმარტა მან.