"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის დაბარებას ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
ამასთან ვეფხვაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელს მათი ინიციატივის არგანხილვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ენერგოკომპანიებს დაავალდებულებდა რეგიონებში მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოეხდინათ.
"ეს საკითხი არის ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხი, რადგან ადამიანებს იმის საფასურს ახდევინებენ რაც არ მოუხმარიათ და ეს ძალიან ბევრს პრობლემას ქმნის. გამოდის, რომ ადამიანები რეგიონებში ელექტროენერგიაში 13 თეთრს კი არა 20-25 თეთრს და მეტსაც კი იხდიან და საჭიროა ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარდეს", - განაცხადა ვეფხვაძე.
ვეფხვაძის მიერ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლის მოთხოვნას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე გამოეხმაურა და "ქრისტიან-დემოკრატები" პოლიტიკურ პოპულიზმში დაადანაშაულა.
"ვეფხვაძისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა მუშაობს და ამიტომ სჯობია მერობის კანდიდატის ბილბორდებს მიხედოს", - აღნიშნა მელაძემ.
ამ განცხადებამ კი ვეფხვაძის გაღიზიანება გამოიწვია და მელაძეს მოუწოდა დააფასოს გია ჭანტურიას ღვაწლი, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ საქართველოში დღეს გადის ნავთობსადენი.
ამასთან, ვეფხვაძემ მელაძეს "შეახსენა", რომ მთავრობის წევრები მოსახლეობის მდგომარეობაზე ფიქრის ნაცვლად "საკუთარ ჯიბეებზე ფიქრობენ".
"ჩვენი მერობის კანდიდატის ბილბორდებზე რაც წერია სიმართლეს შეესაბამება და თუ კი სააკაშვილი თავის ახირებულ შადრევნებში 17 მილიონს იხდის თბილისის მოსახლეობის წყლით მომარაგებას 10 მილიონზე მეტი არ ჭირდება და მათთვის უფასო წყალი არანაირი პოპულიზმი არ არის", - აღნიშნა ვეფხვაძე.