საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.
ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ აშშ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებმა საქართველოს საგრეო უწყების ხელმძღვანელს ძირითადი კითხვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დაუსვეს.
"რეგიონში შექმნილი სიტუაცია საგანგაშოა. რუსული მხარე აფხაზეთში უმოკლეს ვადებში ხსნის და კიდევ ემზადება ახალი სამხედრო ბაზების გასახსნელად. მაშინ, როდესაც დემილიტარიზაციაზე ვსაუბრობთ ეს ფაქტები ვფიქრობ გასათვალისწინებელია. ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება კი ყველა საზღვარს ცდება ადამიანის უფლებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის კუთხით", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისვე თქმით, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს განათლების მიცემის საშუალება, აკრძალულია ქართული ენის სწავლება და საქართველოს ისტორია მახინჯდება.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე აშშ ბირთვული უსაფრთხოების სამიტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იღებდა მონაწილეობას, რის შემდეგაც მინისტრმა ამერიკაში ვიზიტი დამოუკიდებლად გააგრძელა და პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე მთელი რიგი შეხვედრები გამართა.