საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საბჭოთა კავშირში დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, კენედის სამთავრობო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩემი გამოსვლა მინდა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვებით დავასრულო, რომელიც მან ომის რთულ პერიოდში მითხრა: "არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველომ არ უნდა მიაღწიოს იმას და იმაზე მეტსაც კი, რასაც დანარჩენმა ევროპამ და პოლონეთმა მიაღწია". პოლონეთი ოკუპირებული ბევრჯერ იყო, თუმცა მან დასძლია კომუნიზმის მემკვიდრეობა და ეს იდეებისადმი ვალდებულების ერთგულებისა და მოქალაქეების სიმამაცის წყალობით გააკეთა. ესაა ჩემი ოცნებაც ჩემი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ოცნება კიდევ ცოცხლობს და ის საქართველოსთვის ერთადერთი გონივრული პოლიტიკა, რადგან "ჩვენთვის არ არსებობს გზა საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად და არ არსებობს სხვა გამოსავალი პოსტსაბჭოთა ქაოსიდან, გარდა სოციალური გარდაქმნისა და დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია".
ამასთან, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ქვეყნის ოკუპირებული რეგიონი არ უღიარებია.
"ქვეყნის მშენებლობა ჩვენი მოკავშირეების და მეგობრების მუდმივ ჩართულობას მოითხოვს, ამის მისაღწევად ჩვენი უსაფრთხოება და დემოკრატია ერთი და იგივე გამოწვევის ორ ნაწილად უნდა გაიყოს. მისი მღწევა შესაძლებელია ჩვენს მიერ და მათ მიერ ვისაც ჩვენი დახმარება სურს", - განაცხადა პრეზიდენტმა.