პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი განახლებადი ენერგიის წყაროების ტერმინის საკანონმდებლო დაზუსტებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებულია საკანონდებლო ინიციატივა - "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიიაშვილი განმარტავს, ცვლილება მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან ჰარმონიზაციას.
კანონპროექტი ადგენს "განახლებადი ენერგიის წყაროების" ტერმინის განმარტებას, რომლის თანახმად "განახლებადი ენერგიის წყაროებად" ჩაითვლება არაწიაღისეული მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება ბიოენერგიით, გეოთერმული ენერგიით, ჰიდროენერგიით, მზის ენერგიით, ქარის ენერგიით, ზღვის ენერგიით, მათ შორის დინებების, ტალღების და თერმული ენერგიით.