ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგის შედეგად სიებში სულ 149 ათასზე მეტი მონაცემის ჩასწორება მოხდა, აქედან 133 ათასზე მეტი უშუალოდ ცესკოს მიერ, 16 ათასი კი (13 ათასი მისამართი და 3 ათასუ გარდაცვლილი) პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული შესაბამისი პროცესის შედეგად განხორციელდა.
სიებში აღმოჩენილი უზუსტობებიდან 19,815 ამომრჩეველთა სახელებს, 33,766 - გვარებს, 24,284 დაბადების თარიღებს, 55,094 მისამართებს, 63 შემთხვევა - ერთ ბინაში რეგისტირებულ ოც და მეტ ამომრჩეველს, 225 დუბლირების შემთხვევას, 2,825 გარდაცვილი ამომრჩევლის აღმოჩენას შეეხებოდა. სხვა შემთხვევევის გამო სიებიდან ამოღებულ იქნა 219 ამომრჩელის მონაცემი, 12,925 კი ჩასწორდა. ამ უკანასკნელისა და ასევე გამოტოვებული ამომრჩევლების მონაცემების მიმართულებით ცესკო ამ დრომდე მუშაობს.
მონიტორინგის შედეგად, საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 3 580 487 საარჩევნო ასაკის მქონე მოქალაქით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის პროცესში სულ 11 კვალიფიციური და რამდენიმე არაკვალიფიციური სუბიექტი იყო ჩართული. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 1 200 ათასი ლარი გამოიყო, რაც კვალიფიციურ პარტიებზე გადანაწილდა.
განახლებული სიის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.