საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმში, შოთა რუსთაველის ბიუსტის დაზიანებას "ბარბაროსობად" აფასებს.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ იერუსალიმის პატრიარქი, უნეტარესი თეოფილე მესამე შეშფოთებულია მომხდარი ფაქტის გამო. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის მთავრობა დაინტერესდება ზემოაღნიშნული ინციდენტებით და იერუსალიმის საპატრიარქოს ხელშეწყობით, გამოიძიებს, როგორც 2005 წელს შოთა რუსთაველის ფრესკის ბარბაროსული განადგურების შემთხვევას, ასევე ბიუსტის ხელყოფის ამბავს და დანმნაშავენი სათანადოდ დაისჯებიან", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვანდალური აქტი ისრაელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობმა პირებმა იერუსალიმში მდებარე შოთა რუსთაველის ბიუსტი დააზიანეს. ქართველი პოეტის ბიუსტს თვალები აქვს დაზიანებული. მომხდარ ინციდენტს ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებენ.
აღნიშნული ბიუსტი 2005 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა, მას შემდეგ, რაც ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის უძველესი ფრესკა გადაშალეს.