სმოლენსკთან მომხდარი ავაკატასტროფის შემდეგ აღმოჩენილი დახმარებისა და თანადგომისთვის პოლონეთი რუსეთს მადლობას უხდის. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სეიმის სპიკერმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე დროს მარტონი არ ვყოფილვართ. ჩვენ მადლიერნი ვართ რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც გამოხატავდნენ თანადგომას პოლონეთისა და პოლონელი ხალხის მიმართ", - განაცხადა ბრონისლავ კომოროვსკიმ ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა გამოსათხოვარ ცერემონიაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვარშავაში სმოლენკთან მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა გამოსათხოვარ ცერემონია გაიმართა, რომელშიც, ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ამ დროსთვის პოლონეთის დედაქალაქში გადასვენებულია 75 ცხედარი. მოსკოვში მიმდინარეობს სხვა დაღუპულთა ამოცნობა. ამის გამო პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამოთხოვების ცერემონიაზე არ გამოესვენებინათ დაღუპულთა კუბოები.
იუზეფ პილსუდსკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ პედესტალზე მოთავსდა ჯვარი, რომლის უკანაც განთავსდა დაღუპულთა ფოტოები.
გამოთხოვების ცერემონია შუადღისას დაიწყო. გარდაცვლილებს პატივი მიაგეს პოლონეთის ექს-პრეზიდენტებმა ალექსანდრ კვასნევსკიმ, ლეხ ვალენსამ, პოლონეთის მთავრობის წევრებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტ კაჩინსკის ქალიშვილი და ტყუპისცალი იაროსლავ კაჩინსკი.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა, რომლის შედეგად 96 ადამიანი _ 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.