საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ნიუ-იორკში 14-16 აპრილს სხვადასხვა შეხვედრები გამართა.
ინფორმაციას ვაშაძის შეხვედრებზე საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს, რომლის თანახამდ, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა გაერო-სთან ავსტრალიის, აშშ-ს, ახალი ზელანდიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ეთიოპიის, ესპანეთის, ინდოეთის, კოლუმბიის, კოსტა-რიკის, პაკისტანის, პარაგვაის, პერუს, საფრანგეთისა და ჩილეს მუდმივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან.
ამასთან, ვაშაძეს ჰქონდა მრავალმხრივი შეხვედრები აფრიკის კავშირის, ევროკავშირის, კარიბის ზღვის აუზის, სუამ-ის, ოკეანეთის და არაბული ლიგის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე შეხვდა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ნიუ იორკის ოფისის დირექტორს, უდო იანცს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, კოლეგებთან ვაშაძემ გაერო-ში საქართველოს მომავალი გეგმების, ჟენევის მოლაპარაკებების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს და საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარების გასაუმჯობესებლად.
~კიდევ ერთხელ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობა. დაიგეგმა მომავალი კონსულტაციების და შეხვედრების გრაფიკი.
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო ლექცია გამართა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
19 აპრილს კი, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ალი ტრეკის შეხვდება.