"დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს, - ამის შესახებ მან დღეს რადიო "უცნობში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერის არჩევნებში კენჭს არ იყრის, არსებული რეჟიმის შესაცვლელად ბრძოლას გააგრძელებს.
მისივე განმარტებით, რადგან ერთიანი კანდიდატი არ არსებობის ასეთ შემთხვევაში ამ ბრძოლას აზრი არ აქვს. გაჩეჩილაძემ ბრიფინგზე წაიკითხა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ როდესაც გაკოტრებულია ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა საშუალო და მცირე ბიზნესის უმრავლესობა და დიდი ბიზნესი კონტროლისა და ტერორის ქვეშ იმყოფება; ასევე გაკოტრებულია საარჩევნო გარემო, ზღვარი გადის სიგიჟესა და ნორმალურობას შორის; როდესაც ერთს ჰგონია, რომ წაგებული ომი არის მოგებული და რომ გაშმაგებული ბრძოლა მიდის ქართული ფასეულობების, კონკრეტულად კი ეკლესიის წინააღმდეგ, ხოლო სახელმწიფო მედია ქცეულია ტყუილის, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეაფასა ის, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჰყავს მტერი და ეს მტერი არის სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას და სხვათა შექმნილი რეჟიმი.
"როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი მტერი, ყველას ვალია, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად გავერთიანდეთ ნებისმიერ პროცესში - არჩევნები იქნება ეს თუ ქუჩის აქციები, მაგრამ ეს არ ხდება. პასუხისმგებლობა აქ არის გადამწყვეტი. მე მთელი ჩემი ენერგია ჩავდე გაერთიანებისა და ერთობლივი ბრძოლის საქმეში, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, არ დავაყენო კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სწორედ არჩევნებით უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება, თუმცა, თუ ეს არჩევნებიც გაყალბდა, უკვე ნებისმიერი მეთოდი იქნება გამართლებული.
გაჩეჩილაძის თქმით, იგი აუცილებლად დაუჭერს მხარს ერთიან კანდიდატს იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური და გოგი თოფაძე საერთო კანდიდატზე შეთანხმდებიან.