"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ადგილობრივი არჩევნებისთვის ვიდეოთვალის რუსთავის საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებასაც მოითხოვს.
როგორც მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცესკოს გადაწყვეტილება, რომ ვიდეოკონტროლი მხოლოდ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საარჩევნო უბნებზე დაწესდება, უკანონოა და ის უნდა შეიცვალოს.
"ვფიქრობთ, ეს არის სამომავლოდ გათვლილი გადაწყვეტილება მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და საზოგადოების აზრის შეგუება იმაზე, რომ ვიდეოთვალის არსებობა არ წარმოადგენს საჭიროებას საარჩევნო უბანზე. "ქრისტიან-დემოკრატები" მოვითხოვთ ამ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას და მოვუწოდებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს, 10 დღის განმავლობაში შეიტანოს დამატება და ქალაქ რუსთავშიც მოხდეს ვიდეოთვალის დამონტაჟება საარჩევნო უბნებზე", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება, ცესკოს წინააღმდეგ რუსთავში ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება 3 აპრილის სხდომაზე მიიღო.