პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები გახშირდა. ამის შესახებ განცხადება შოთა მალაშხიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ცხინვალში გახშირებული საპროტესტო აქციები მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხის უგზო-უკვლოდ დაკარგვას უკავშირდება.
"ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის დოტაციაზეა, მაგრამ ეს თანხები მოსკოვიდან ცხინვალამდე იკარგება. რაც ადგილზე ჩადის, იმ თანხებს სამხედროები იტაცებენ, ეს კი მოსახლეობას მძიმე სიტუაციაში აყენებს და ამის გამო იმართება საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ ეს გამოსვლები არის სტიქიური და არაკოორდინირებული", - აცხადებს მალაშხია და დასძენს, რომ გამოსვლების კოორდინირება ისეთ ვითარებაში, როცა პატარა ტერიტორიაზე უამრავი სამხედროა მობილიზებული, შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, ცხინვალი შიმშილის ზღვარზეა.
"ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტია. ცარიელია სასურსათო მაღაზიები, რაც მოსახლეობის მწვავე პროტესტს იწვევს. ვლადიკავკაზიდან ცხინვალში შემოტანილი სურსათის 90 პროცენტი კი ჯავაში დისლოცირებული რუსი სამხედროები ყიდუილობენ. სხვა ქალაქებიდან შემოტანილი პროდუქტი კი ძალიან ძვირია. ახალგაზრდობა იძულებულია ქალაქი დატოვოს", - ნათქვამია ცხინვალში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.