გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანადის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი.
კანადის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპის ბიუროს გენერალური დირექტორი რობერტ ჰეიგი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ასევე კანადის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ანკარა) მარკ ბეილი. დელეგაციის წევრები მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან.
კონსულტაციების მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და დღის წესრიგში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი.
შეხვედრაზე კანადის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარდაჭერა გამოთქვა ევროატლანტიკურ და ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.