ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე თამარ კორძაიას ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს.
ვიცე პრემიერი ეთანხმება თამარ კორძაიას და ამბობს, რომ განსხვავებული აზრის გამო კოალიციისგან არავინ იდევნება. კახი კალაძის განცხადებით კოალიციაში ბევრი განსხვავებული შეხედულების ადამიანია გაერთიანებული და სწორედ ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი.
„ჩვენი გუნდის სიძლიერე არის ის, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები ვართ გაერთიანებული კოალიციაში და ეს არის ის წარმატება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხელისუფლებამ მოიპოვა. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ ეპყრობოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ თამარ კორძაიას გარიცხვის ინიციატორი უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილია. სწორედ პაპუაშვილს გამოუთქვამს საჯარო პრეტენზია კორძაიას იდეოლოგიის შესახებ. პაპუაშვილი კოლეგას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უწუნებს.